XXI
მარმარილო
აჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება;და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება;ოჰ! რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი!სულში გენიით ატეხილი რეკავს ლერწამი,და ვან-დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე...ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
აჰყვე ვარდისფერ საფეხურებს და აჰყვე ისე,რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე;გრძნობდე, რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება:ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება;ერთგვარი სახე, ერთი ცეცხლი და სითამამე...ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
აჰყვე ოცნებით მარმარილოს თლილ საფეხურებს,სადაც ყოველ მხრით პრაქსიტელის თვალი გიყურებს;ცა - სიყვარულის და სიცოცხლის ძვირფასი თასიდა ყოფნა ასე, მოლანდება ასი-ათასი:რომ შენს გვირგვინზე წაშლილია შავი ნაპრალი...ოჰ! რამდენია, რამდენია ამგვარად მთვრალი!